წარმატების ისტორია: სილქ როუდ ლაინი

წარმატების ისტორია: სილქ როუდ ლაინი
#casestudy
„ACT-თან თანამშრომლობამ დაგვანახა ჩვენი პოტენციალი, მოგვცა საკუთარი თავის რწმენა, რომ ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ სწორად შერჩეული მიდგომითა და სამოქმედო გეგმით.“
ზაზა ბარბაქაძე, Silk Road Line-ის დირექტორი.
Silk Road Line-ის ისტორია 2013 წელს იწყება, როდესაც კომპანიის დამფუძნებლები საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ და შექმნეს საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია. დაარსებიდან დღემდე კომპანიამ დიდი განვითარების გზა გაიარა, მათ მოუწიათ მრავალი გამოწვევის გადალახვა და ახალი შესაძლებლობების ათვისება.
სხვა კომპანიების მსგავსად, Silk Road Line-სთვის COVID-19-ის პანდემია გამოწვევებით აღსავსე ფორსმაჟორული სიტუაცია აღმოჩნდა. თუმცა, კომპანიის ზომამ და მოქნილობამ მას დროული ადაპტაციისა და დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის საშუალება მისცა. მიუხედავად რთული სოციალურ-ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ფონისა, Silk Road Line-სთვის 2020 წარმატებული წელი აღმოჩნდა, რადგან კომპანია გაუმკლავდა ერთი შეხედვით დაუძლეველ სირთულეებს და მოახერხა წლის დადებითი ფინანსური შედეგებით დახურვა. სწორედ ეს გახდა მენეჯმენტისთვის ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ კომპანიას უფრო დიდი პოტენციალი და ამბიცია ჰქონდა, შედეგების გაუმჯობესება და უფრო დიდი მიზნების მიღწევა შეეძლო..
„პანდემიის დაძლევამ გვაგრძნობინა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი შეგვეძლო, უფრო დიდი პოტენციალი გვქონდა და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ პროცესში ჩაგვერთო გარე კონსულტანტი, კომპანია, რომელიც დაგვეხმარებოდა სამომავლო განვითარებისთვის საფუძველის ჩაყრაში“.ზაზა ბარბაქაძე, Silk Road Line-ს დირექტორი.
მენეჯმენტისთვის მკაფიო იყო ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო ცვლილებების აუცილებლობა. საუბარია იმ გარდაუვალ ცვლილებებზე, რომელიც კომპანიას ესაჭიროებოდა უფრო მაღალ ეფექტური სამუშაო პროცესის მისაღწევად და გრძელვადიან განვითარებაზე კონცენტრაციის მოსახდენად. თითქოს კომპანიის მენეჯმენტს გაცნობიერებული ჰქონდა კომპანიის პოტენციალი, თუმცა მის ასათვისებლად ესაჭიროებოდა გარე პარტნიორის მხარდაჭერა, რომელიც საქმისადმი ახლებურ მიდგომას შესძენდა და მხარს დაუჭერდა სტრატეგიულ განვითარებაში.
„ვიცოდით რომ უფრო მეტი შეგვეძლო, მაგრამ ბუნდოვანი იყო გზა განვითარებისკენ, ვიცოდით რა შედეგის მიღება გვსურდა, მაგრამ არ ვიცოდით როგორ უნდა მიგვეღწია ამისთვის“.ამირან გოჩიტაშვილი, სატრანსპორტო და ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
„გვქონდა კარგი შედეგები, რაც გვქონდა ის გვაკმაყოფილებდა, მაგრამ ამან ერთგვარი სტაგნაციის შეგრძნება გაგვიჩინა, ვიცოდით რომ გვინდოდა უკეთესი შედეგის დადება, ვიცოდით რომ გვქონდა ამის პოტენციალი, მაგრამ უბრალოდ ვერ ვახერხებდით სიტუაციის გაუმჯობესებას“.
ნათია კერესელიძე, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სწორედ ეს იყო ACT-სა და Silk Road Line -ის თანამშრომლობის წინაპირობა, რომელიც მიზნად ისახავდა კომპანიის გაძლიერებას და მხარდაჭერას ერთგვარი პლაცდარმის შესაქმნელად სამომავლო განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ Silk Road Line-მა ეს პროექტი განახორციელა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მცირე ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების ჯგუფისა და მცირე ბიზნესის ფონდის ფარგლებში, კორეის მთავრობის მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებას ბენეფიციართა გრძელვადიანი განვითარებისთვის.
ACT-სა და Silk Road Line-ს თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა ტრანსფორმაციული გუნდი, რომელიც შედგებოდა კომპანიის ტოპ მენეჯმენტისა და ACT-ის კონსულტანტებისა და ბიზნეს ანალიტიკოსებისაგან. ტრანსფორმაციული გუნდში ჩართული მხარეების თანამუშაობის შედეგად განისაზღვრა ძირითადი სამუშაო ამოცანები და მეთოდოლოგია, რომელიც გამყარებულია ეისითიში აკუმულირებული 20 წლიანი გამოცდილებით ბიზნეს ანალიტიკისა და კონსალტინგის სფეროში.
Silk Road Line-თან თანამშრომლობის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ACT-ის ტრანსფორმაციული მოდელი POWER3©® (THE POWER OF THREE©®) , რომელიც ეფუძნება სამი ბიზნეს დომეინის ხედვის, კულტურისა და აღსრულების ბალანსს. სწორედ ამ ტრანსფორმაციული მოდელის ფარგლებში მოხდა იმ მნიშვნელოვანი ფაქტორების, ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიცირება და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა, რომელიც კომპანიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
სამუშაო პროცესის საწყისი ეტაპი მოიცავდა კომპანიის დიაგნოსტიკას POWER3© მეთოდოლოგიით, რომელიც ორგანიზაციას აანალიზებს ხედვის, კულტურის და აღსრულების ჭრილში. POWER3© დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ კომპანიის არსებული ხედვები მის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, აღვიქვათ თანამშრომელთა მიერ შექმნილი კორპორატიული კულტურა და ასევე შევაფასოთ მათი აღსრულების ეფექტიანობა.
„კომპანიის დიაგნოსტირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ყველაზე სწორი მიდგომა, სწორედ ამის შემდეგ დავინახეთ შემდგომი ნაბიჯები, ერთად, თანამუშაობის შედეგად და არა უკვე მზა, ეწ. ჯადოსნური რეცეპტით,რომელიც ყველა კომპანიაზე უნდა მოქმედებდეს“.
ზაზა ბარბაქაძე, Silk Road Line-ს დირექტორი
დიაგნოსტიკის ფარგლებში ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები კომპანიის ტრანსფორმაციულ გუნდთან და გამოიკვეთა ძირითადი სამუშაო მიმართულებები, რაც მოიცავდა კომპანიის ხედვის შეჯერებასა და განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებას, გუნდური შეჭიდულობის ზრდას, აღრიცხვიანობის, ანალიტიკის და რეპორტინგის სისტემების იმპლემენტაციას.
![]() |
![]() |
Silk Road Line-ის გუნდთან ჩვენი კონსულტანტებისა და ბიზნეს ანალიტიკოსების თანამუშაობის შედეგად შეჯერდა კომპანიის სამომავლო ხედვა და შეიქმნა გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომლის შესაბამისადაც ჩამოყალიბდა მოკლევადიანი ტაქტიკური გეგმა. მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომის გასავითარებლად შეიქმნა რეპორტინგის ონლაინ სისტემა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდა შედეგების მონიტორინგი და ანალიზი. განვითარების სტრატეგიისა და ხედვის გათვალისწინებით გადაიხედა არსებული ორგანიზაციული სტრუქტურა და გატარდა საჭირო ცვლილებები, რაც კომპანიას დაეხმარება ეფექტიანობის ზრდაში. ვინაიდან ნებისმიერი ორგანიზაცია თავის სამუშაო გუნდზე დგას, აუცილებელია ამ ადამიანების სინერგიისა და თანამუშაობის გაძლიერება, შესაბამისად გუნდური შეჭიდულობის გასაზრდელად ჩატარდა სხვადასხვა Team building და Team bonding აქტივობები
კომპანიის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლების თქმით, ეისითისთან მუშაობის პროცესი ძალიან სასარგებლო და აუცილებელი ეტაპი იყო Silk Road Line-ის განვითარებისთვის, რაშიც სტრუქტურირებული, თანმიმდევრულად დაგეგმილი პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. თავის მხრივ, ეს ეხმიანება ACT-ის ტრანსფორმაციულ მოდელს POWER3©, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრული 9 კომპონენტისგან შედგება და კომპანიას ჰოლისტიკური მიდგომით განიხილავს. შესაბამისად, Silk Road Line-თან მუშაობის ფარგლებში ბიზნესის სამივე დომეინში (ხედვა, კულტურა და აღსრულება) განხორციელდა ცვლილებები და უკვე გვაქვს საშუალება დავინახოთ ამ ცვლილებების შედეგები:რეპორტინგისა და ანალიტიკის სისტემების გაუმჯობესებამ გაამარტივა გადაწყვეტილებების მიღება, პროცესებისა და შედეგების მონიტორინგი, თანამშრომელთა შეფასება.
„ერთ ენაზე დავიწყეთ საუბარი, ეფექტური ვარ თუ არა, ჩემი შედეგები ნაყოფიერია თუ არა, ამას ყველა ერთნაირად ვაფასებთ, საზომი ინდიკატორები გვკარნახობს ამ ყველაფერს“.
ზაზა ბარბაქაძე, Silk Road Line-ის დირექტორი.
„აღქმების დონეზე ვაფასებდით ერთმანეთს, ახლა კი შეგვიძლია ციფრებით და ინსაითებით ვისაუბროთ, რეპორტინგი და მონაცემების ანალიტიკა ძალიან დაგვეხმარა, რომ ემოციურის ნაცვლად, რაციონალური მიდგომა გვქონდეს,“
ამირან გოჩიტაშვილი, სატრანსპორტო და ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- კომპანიაში გაიზარდა ცვლილებების პროგნოზირების, რისკების პროგნოზირებისა და მენეჯმენტის პრაქტიკა.
„აქამდე ჩვენ ვმუშაობდით რეაქტიულად, რაიმე იცვლებოდა თუ არა ვერთვებოდით მთელი რესურსით, ახლა კი, სიტუაციას არ ვაძლევთ ესკალაციის საშუალებას, რაშიც პროაქტიული მიდგომა გვეხმარება“.
ნათია კერესელიძე, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
- კომპანიაში გაჩნდა ახალი პოზიციები ორგანიზაციაში მხარდამჭერი როლის მქონე თანამშრომლებისთვის, ასევე გაიზარდა გაყიდვებისა და ლოჯისტიკის გუნდები. დღეისათვის თანამშრომელთა რაოდენობა 12-დან 20-მდე გაიზარდა.
- 2021-ის Q4-ის და 2022-ის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი გაორმაგდა და მათი თქმით, წლის ბოლომდე კიდევ უფრო მასშტაბური შედეგების განხორციელებას აპირებენ.
“შევასრულეთ ისეთი გეგმები, რომლებზე არასოდეს გვიფიქრია, რომ შევასრულებდით, გავაანალიზეთ თურმე რამდენი შეგვძლებია“
ნათია კერესელიძე, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
- საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში განხორციელდა ფასილიტაციის ვორქშოფები ლიდერშიფის გუნდთან, რომელთაც მიეცათ გუნდის წევრებთან რეფლექსიისა და თვითრეფლექსიის შესაძლებლობა, ასევე თანამუშაობის შედეგად შეიქმნა „ვარსკვლავური გუნდის“ ხატი, რამაც ხელი შეუწყო კომპანიაში გუნდური შეჭიდულობის ზრდას.
„ძალიან მომწონდა ვორქშოფული მუშაობის პროცესი, ისე იყო სტრუქტურირებული და პროფესიონალურად განხორციელებული, რომ სამუშაო დღის ბოლოს გვქონდა უკვე ხელშესახები შედეგები, ერთი დღის განმავლობაში კონცენტრირებული მუშაობის შედეგად უფრო მკაფიო შედეგს ვდებდით ვიდრე მანამდე ბევრი თათბირის შედეგად“.ამირან გოჩიტაშვილი, სატრანსპორტო და ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- კომპანიაში თანამშრომლებს შორის მეგობრული ურთიერთობა კვლავინდებურად აქტუალური საკითხია, თუმცაღა ასევე გამოიკვეთა კოლეგიალობის მაღალი მნიშვნელობა შიდა ორგანიზაციულ კულტურაში, რომლის ფარგლებშიც ადამიანები, ემოციურ ფაქტორებთან ერთად, ეყრდნობიან შეფასების ინდიკატორებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.
„ოჯახური გარემო გვქონდა, ყველაფერი პირად ურთიერთობებზე დაყრდნობით სრულდებოდა, ახლა ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული სამუშაო სისტემები და სტრუქტურა, რომელშიც ყველა ადამიანმა იცის, თუ რა არის მისი პასუხისმგებლობა“.
ზაზა ბარბაქაძე, Silk Road Line-ის დირექტორი.
- ასევე, წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიამ გადაინაცვლა ახალ, უფრო მორგებულ და სამომავლო ინტერესებზე გათვლილ ოფისში, რომელშიც თანამშრომელთათვის სასიამოვნო სამუშაო სივრცეა შექმნილი.
თუკი მოკლედ შევაჯამებთ ACT-სა და Silk Road Line-ის ერთობლივი მუშაობის შედეგებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე კომპანიას აქვს ნათელი ხედვა მისი სამომავლო განვითარებისთვის, რაც მხარდაჭერილია ავთენტურ ორგანიზაციულ კულტურაში ინტეგრირებული თანამშრომლების მიერ და ვლინდება მათ მიერ მიღწეულ მაღალ ეფექტურ შედეგებში. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიის ტოპ მენეჯმენტის თქმით, ეს მხოლოდ მასშტაბური განვითარების საწყისი ეტაპია და კომპანიას კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს.
„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით წარსულზე, თუ საიდან დაიწყო ჩვენი ისტორია და რამდენს მივაღწიეთ, ერთგვარი თვითკმაყოფილების შეგრძნება გვქონდა. თუმცა ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ კორპორატიულ შეხვედრებსა თუ ყოველდღიურ საუბრებში იგრძნობა, რომ წარსულის ნაცვლად მომავალზე ვსაუბრობთ, რა გეგმები გვაქვს, რას უნდა მივაღწიოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ.“
ამირან გოჩიტაშვილი, სატრანსპორტო და ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ამ შინაგან რწმენასა და ამბიციას კი საფუძვლად უდევს დიდი ცვლილება, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებულ მაინდსეტში გამოიხატება. ახლა კომპანიის კონცენტრაცია გადატანილია განვითარებისკენ სწრაფვაზე, რაც უწყვეტი და სპირალური პროცესია და სტატუს-კვოს მუდმივ გამოცდას (“დაჩელენჯებას”) მოითხოვს. ამ პროცესში კი ჩვენ, ACT-ის გუნდს გვჯერა, რომ Silk Road Line-ს რეალურად აქვს დიდი პოტენციალი კიდევ უფრო დიდებული მიზნების მისაღწევად.
ავტორი: საბა ხერგიანი – ბიზნეს ანალიტიკოსი