რას გვიამბობს აბიტურიენტების პროფესიული არჩევანი – ტენდენციები საქართველოში და საერთაშორისო პარალელები (2021–2024)

8 ოქტომბერი 2025

რას გვიამბობს აბიტურიენტების პროფესიული არჩევანი – ტენდენციები საქართველოში და საერთაშორისო პარალელები (2021–2024)

8 ოქტომბერი 2025

თინათინ გოგმაჩაძე
კვლევის ანალიტიკოსი, ACTR

აბიტურიენტების პროფესიული არჩევანი მნიშვნელოვანი სარკეა იმ პროცესებისა, რომლებიც ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე ვითარდება. ზოგადად, ახალგაზრდების მიერ არჩეული საგანმანათლებლო მიმართულებები როგორც ინდივიდუალურ მისწრაფებებს, ისე კოლექტიურ მოლოდინებსაც ასახავს – მომავლის პროფესიებთან, დასაქმების პერსპექტივებთან და საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით (Altbach et al., 2009). მათი არჩევანი გვიჩვენებს, როგორ ხედავენ ახალგაზრდები საკუთარ მომავალს, რა ღირებულებებს ანიჭებენ მნიშვნელობას და როგორ პასუხობენ იმ რეალობას, რომელიც მათ გარშემო არსებობს.

სტატია ეფუძნება საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ გამოქვეყნებულ მეორეულ მონაცემებს, კერძოდ, იმ პროგრამების ანალიზს, რომლებიც აბიტურიენტებმა პირველ არჩევანად მიუთითეს 2021–2024 წლებში (NAEC, 2024). სტატიაში შევაფასებთ ტენდენციებს, გავიგებთ, თუ როგორია მათი შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და რამდენად ეხმიანება ეს არჩევანი საერთაშორისო თუ რეგიონულ ტრენდებს (Eurostat, 2023; NCES, 2023; OECD, 2023).

რომელ პროგრამებს ირჩევენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები?

როგორც ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რამდენიმე პროფესიული მიმართულება სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. მათ შორის ყველაზე გამოკვეთილად დომინირებს ბიზნესის ადმინისტრირება.

საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მონაცემებით, 2024 წელს აბიტურიენტთა დაახლოებით 14%-მა პირველ არჩევანად ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მიუთითა. ეს მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელია: 2023 და 2022 წლებში ის 13%-ს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს – დაახლოებით 14% (NAEC, 2024). მსგავსი სტაბილური დინამიკა  მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული სპეციალობა ახალგაზრდებისთვის გრძელვადიან პერსპექტივებში საიმედო და საინტერესო არჩევანად განიხილება.

ბიზნესის ადმინისტრირების მიმზიდველობა შეიძლება აიხსნას მისი ფართო და მოქნილი პროფილით. ეს დარგი მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით არ შემოიფარგლება  –  სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ  მომავალში აირჩიონ ისეთი ქვემიმართულებები, როგორიცაა მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, საერთაშორისო ბიზნესი და ა.შ. ამდენად, აღნიშნული სპეციალობა საკმაოდ მიმზიდველია იმ ახალგაზრდებისთვისაც, ვინც ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ პროფესიულ იდენტობას და კარიერული ინტერესების კონკრეტიზაციის პროცესში იმყოფება. საერთაშორისო გამოცდილებაც აჩვენებს, რომ სწორედ ისეთი პროგრამები, რომლებიც სტუდენტს კარიერულად მრავალმხრივ გზებს სთავაზობს, მათთვის საკმაოდ მიმზიდველია. (OECD, 2023).

ევროპის სტატისტიკის სააგენტოს (Eurostat) მონაცემებით, ევროკავშირის მასშტაბით უმაღლესი განათლების დონეზე ბიზნესის ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებებს საერთო ჯამში სტუდენტთა დაახლოებით მეოთხედი – 24.5%  ირჩევს, რაც ყველაზე მაღალი წილია ყველა საგანმანათლებლო სფეროს შორის (Eurostat, 2023). მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა ამერიკაშიც: ეროვნული საგანმანათლებლო სტატისტიკის ცენტრის (NCES) მიხედვით, ბიზნესის ადმინისტრირება ბაკალავრის სტუდენტების საერთო წილის დაახლოებით 18.8%-ს შეადგენს (NCES, 2023).

რეგიონული თვალსაზრისითაც, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროგრამად რჩება. ეს გლობალური და რეგიონული თანხვედრა იმაზე მეტყველებს, რომ ბიზნესის ადმინისტრირება უნივერსალურ და  პრაქტიკულ არჩევანად აღიქმება, რომელიც ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

ბიზნესის ადმინისტრირების შემდეგ, საქართველოში  მეორე ყველაზე მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამა სამართალია. 2024 წლის მონაცემებით, აბიტურიენტთა 12%-მა სწორედ ამ სპეციალობას მიანიჭა უპირატესობა, რაც კვლავ ადასტურებს მისი პოპულარობის მდგრადობას (NAEC, 2024).

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ევროკავშირშიც. Eurostat-ის მონაცემების მიხედვით, სამართალი ერთი-ერთ ყველაზე მასობრივად არჩეული მიმართულებაა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის უნივერსალურობას და სტაბილურ პოზიციას.

რეგიონული სურათიც იდენტურია: სომხეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში სამართლის მიმართ ინტერესი მაღალია.  ეს შესაძლოა იმითაც აიხსნას, რომ სამართალი, როგორც დისციპლინა, ხშირად აღიქმება როგორც ფართო და ადაპტირებადი – არა მხოლოდ იურიდიული სფეროსთვის, არამედ საჯარო მმართველობის, დიპლომატიისა თუ არასამთავრობო სექტორისთვისაც. ამასთან, ვინაიდან, სამართალი შესაძლოა ასოცირდებოდეს  სტაბილურობასთან, სოციალურ სტატუსთან და  საჯარო თუ კერძო სექტორში ფართო დასაქმების შესაძლებლობასთან – ამ მიმართულებით პროფესიული გზა  ახალგაზრდებისთვის შესაძლოა უფრო მკაფიო, პროგნოზირებადი და შესაბამისად, მიმზიდველიც იყოს.

ფსიქოლოგიის მიმართულება 2024 წელს აბიტურიენტების არჩევანში მესამე ადგილს იკავებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2024 წელს აბიტურიენტების დაახლოებით 7%-მა სწორედ ფსიქოლოგია მიუთითა პირველ არჩევანად. ეს მაჩვენებელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია – 2023 და 2022 წლებში ის 6% იყო, 2021 წელს კი 8% (NAEC, 2024). მონაცემები ცხადყოფს, რომ სფეროსადმი ინტერესი დროთა განმავლობაში სტაბილურად გრძელდება.

ერთ-ერთი ფაქტორი, რაც  შესაძლოა ფსიქოლოგიისადმი ინტერესს განაპირობებდეს, მენტალური ჯანმრთელობის მზარდი სოციალური მნიშვნელობაა. ამასთანავე, შრომის ბაზარიც აჩვენებს, რომ ფსიქოლოგიური კომპეტენციები სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სფეროში – მათ შორის განათლებაში, მარკეტინგში, ადამიანური რესურსების მართვაში, სოციალური კვლევის მიმართულებებში და ა.შ. ფსიქოლოგიის, როგორც პროფესიის იმიჯიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს: მას ხშირად უკავშირებენ ჰუმანურ ფასეულობებს, ემპათიასა და კომუნიკაციის უნარების გაძლიერებას, რაც ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია.

ამ სურათს საერთაშორისო მონაცემებიც ადასტურებს. Eurostat-ის თანახმად, ფსიქოლოგიის სტუდენტთა წილი ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 4.5%-ს შეადგენს, თუმცა ამ მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა შეინიშნება სკანდინავიის რეგიონში და დასავლეთ ევროპაში, სადაც მენტალური ჯანმრთელობა განათლებისა და სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად მოიაზრება (Eurostat, 2023; OECD, 2023). აშშ-ში კი ფსიქოლოგიის ბაკალავრიატი ტოპ 5 ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას შორის რჩება, რაც ასევე პროფესიისადმი სტაბილურ ინტერესზე მეტყველებს (NCES, 2023).

რეგიონული პარალელებიც საინტერესო კონტექსტს ქმნის. სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ფსიქოლოგიის სპეციალობა მაღალი ინტერესის სფეროდ რჩება, განსაკუთრებით იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებში ფსიქოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული განათლების სისტემასა და სოციალური მხარდაჭერის სერვისებთან (UNICEF Armenia, 2023; YÖK Atlas, 2023).

ფილოლოგიის შემთხვევაში, ეს არჩევანი საქართველოში 2021–2024 წლებში გაიზარდა და 2024 წლისთვის პირველ არჩევანად იგი 7%-მა მიუთითა.  ფილოლოგიის, როგორც აკადემიური დისციპლინის მიმართ ინტერესს შესაძლოა რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდეს, მაგალითად, მისი მჭიდრო კავშირი განათლებასთან, თარგმანთან, მეცნიერებასთან და საერთაშორისო ურთიერთობებთან – დარგებთან, რომლებიც ქმნიან და ასახავენ კულტურულ კაპიტალს და ახალგაზრდებისთვის ამ კუთხით მიმზიდველად ითვლება (UNESCO IESALC, 2023).

ევროკავშირში და აშშ-ში ფილოლოგიური პროგრამების წილი შედარებით მცირეა – თუმცა ენისა და ლიტერატურის დარგები ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში მაინც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ჰუმანიტარული მიმართულებაა. (Eurostat, 2023).

რეგიონულ დონეზეც, თურქეთსა და სომხეთში ფილოლოგია ძლიერ კონკურენტულ და მოთხოვნად პროგრამად აღიქმება. თურქეთის YÖK Atlas-ის მონაცემებით, ფილოლოგიის მიმართულებები ინტეგრირებულია როგორც კულტურულ, ისე ტექნოლოგიურ და საერთაშორისო საგანმანათლებლო კონტექსტში.

ფილოლოგიის არჩევანი შეიძლება ასახავდეს არა მხოლოდ აკადემიური ინტერესის ზრდას, არამედ იმ ღირებულებებსაც, რომლებიც ამ მიმართულებას უკავშირდება. ფილოლოგია ასოცირდება ინტელექტუალურ და კულტურულ კაპიტალთან, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მათთვის, ვინც მომავალს პედაგოგიკაში, მეცნიერებაში, ლიტერატურულ ან სხვა ინტელექტუალურ სივრცეში ხედავს.

გარდა ამისა, უცხო ენების ფლობა დღეს უკვე არამხოლოდ ლინგვისტური უნარი, არამედ ერთგვარი ეკონომიკური აქტივიცაა.  გლობალიზაციის ეპოქაში, მრავალენოვანი კომუნიკაციის საჭიროება იზრდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია, მულტიკულტურული მენეჯმენტი.  ევროპის კომისიის შეფასებით, ენობრივი მრავალფეროვნება უმაღლეს განათლებაში სულ უფრო სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევა, რაც ამ დარგის როლს შრომის ბაზარზე აძლიერებს.

პროფესიული მიმართულებები

აბიტურიენტების არჩევანი პროგრამების ფართო სპექტრს მოიცავს. 2024 წლის მონაცემებით, განსაკუთრებით დიდი დაინტერესება შეინიშნება ტექნიკურ და საინჟინრო მიმართულებებთან დაკავშირებულ პროგრამებზე, მათ შორის კომპიუტერულ მეცნიერებებზე, საინჟინრო ტექნოლოგიებზე და პროგრამირებაზე. ასევე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკის მეცნიერებას. ჰუმანიტარული მეცნიერებების ფარგლებში, ინტერესი მაღალია ფილოლოგიისა და ფსიქოლოგიის პროგრამებისადმი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნიკური მიმართულებების მიმართ ინტერესი საკმაოდ მზარდია – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ტრენდების შესაბამისადაც. განვითარებულ ქვეყნებში STEM – მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის – მიმართულებები წამყვან როლს ასრულებს, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი სწორედ ამ სფეროებზეა დამოკიდებული – შესაბამისად, OECD-ის და ევროკავშირის მონაცემებით,  ტექნიკური პროფესიები სამუშაო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ითვლება. კომპიუტერული მეცნიერებებისადმი ინტერესი  კი შესაძლოა მიუთითებდეს ციფრული პროფესიებისა და გლობალური საკითხების მიმართ ინტერესზე.

საერთო ჯამში,  შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პროფესიული არჩევანის ტენდენციები გარკვეულწილად ემთხვევა გლობალურ სტანდარტებს – განსაკუთრებით ბიზნესის, სამართლისა და ტექნიკური მიმართულებების ნაწილში. თუმცა, აბიტურიენტთა არჩევანი, როგორც წესი, მხოლოდ გლობალური შრომის ბაზრის გამოძახილი არ არის – მას საფუძვლად უდევს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სოციო-კულტურული კონტექსტი, სოციალური აღქმა, ლოკალური თავისებურები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ პროფესიული არჩევანის შინაარსსა და მის შესაძლო მიმართულებებზე.

გააზიარე: