ელექტრომობილები საქართველოში – როგორია გზა მწვანე მომავლისკენ

ელექტრომობილები საქართველოში – როგორია გზა მწვანე მომავლისკენ
ეკატერინე ჯიქიძე, ACTR
კვლევის ანალიტიკოსი
გლობალური ტრენდები
ელექტრომობილები (EV) მსოფლიოში სწრაფად იძენს პოპულარობას და გლობალურ ბაზარზე უკვე მყარ პოზიციებსაც იკავებს. IEA-ის გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს გაყიდული ახალი ავტომობილების 20%-ზე მეტს ელექტრომობილები შეადგენდა, ხოლო გაყიდვების საერთო რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ზე მეტი ზრდაა.
აღსანიშნია, რომ ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ჩინეთი, სადაც თითქმის ყოველი მეორე გაყიდული ავტომობილი უკვე ელექტროა. 2024 წელს, ქვეყანაში ელექტრომობილების გაყიდვებმა 11 მილიონს გადააჭარბა. ევროპაში 2024 წელს შეიძინეს 3.4 მილიონი ელექტრომობილი, რაც ჯამურად, ევროპის ქვეყნებში გაყიდული ახალი ავტომობილების დაახლოებით მეხუთედია. აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვებმა 2024 წელს 1.6 მილიონი ერთეული შეადგინა და ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრომობილების ბაზრის გაძლიერებას და სტიმულირებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დინამიკა ევროპის, ჩინეთისა და აშშ-ს გარეთ არსებულ ბაზრებზე: ამ რეგიონებში ელექტრომობილების გაყიდვები 2024 წელს თითქმის 40%-ით გაიზარდა და 1.3 მილიონ ერთეულს მიაღწია, რაც ნელ-ნელა უახლოვდება აშშ-ის გაყიდვების მაჩვენებელს.
როგორია მაჩვენებლები საქართველოში?
გლობალური პროცესების ფონზე “ეისითი კვლევა“ (ACTR) დაინტერესდა როგორია მონაცემები საქართველოში. მართალია, ქვეყანაში ელექტრომობილების განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ელექტრომობილების რეგისტრაციის მზარდი დინამიკა ფიქსირდება, რაც ამ ბაზრის განვითარების პოტენციალზე მიანიშნებს.
შსს-ს მონაცემებით, საქართველოში 2020-2025 წლებში ელექტრომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა, თუმცა მათი წილი, ამ პერიოდში რეგისტრირებულ ავტომობილებში (1,053,000 – მდე) მხოლოდ 0.78%-ს შეადგენს, რაც 8,224 ელექტრომობილს ნიშნავს. ბაზარზე კვლავაც ტრადიციული საწვავის ტიპის — ბენზინისა და დიზელის ძრავიანი მანქანები დომინირებენ. ამავე დროს, ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ჰიბრიდული ავტომობილების წილი უკვე 12.78%-ს შეადგენს, რაც საზოგადოების მზარდ ინტერესზე მიუთითებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართ.
თბილისი ეკოლოგიური ტრანსპორტით ლიდერობს
გეოგრაფიული ჭრილით, საქართველოში ელექტრომობილები უმეტესად დედაქალაქშია კონცენტრირებული — ელექტრომობილების 79% სწორედ თბილისშია რეგისტრირებული. თუმცა, მიუხედავად მაღალი კონცენტრაციისა, ისინი თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 1.42%-ს შეადგენენ. შედარებისთვის, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია — მხოლოდ 0.29%.
ეს მნიშვნელოვანი სხვაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე ფაქტორით აიხსნება: ერთი მხრივ, თბილისში მოსახლეობის სიმჭიდროვე და უფრო მაღალი შემოსავალი, ხოლო მეორე მხრივ – უკეთ განვითარებული დამტენი ინფრასტრუქტურა და გარემოსდაცვითი საკითხებისადმი შედარებით მაღალი სენსიტიურობა.
ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაშიც მსგავსი სურათი გვაქვს: ქვეყანაში არსებული ჰიბრიდების 56% თბილისშია რეგისტრირებული. მიუხედავად ამისა, დედაქალაქში რეგისტრირებული ყველა ავტომობილიდან ჰიბრიდის წილი მხოლოდ 16.5%-ს შეადგენს. ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ დაბალემისიური ტრანსპორტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით თბილისში ფიქსირდება.
მკაფიო ზრდის ტენდენცია
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების წილი მცირეა, საქართველოში მათი გავრცელება მკაფიოდ მზარდია. თუ 2020 წელს მხოლოდ 176 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული, 2024 წლისთვის ეს რიცხვი 3,990-მდე გაიზარდა — 20-ჯერ მეტი. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ამ დროისთვის რეგისტრირებულია 1,585 ელექტრომობილი. თუ ზრდის ტემპი შენარჩუნდა, 2025 წლის ბოლოს რეგისტრირებულ ელექტრომობილთა რაოდენობა შესაძლოა აღემატოს კიდეც წინა წლის მაჩვენებელს. წლიდან-წლამდე მზარდია ქვეყანაში რეგისტრირებული ჰიბრიდული ძრავის ავტომობილების რაოდენობაც. ეს მუდმივი ზრდა მიანიშნებს ქართველი მომხმარებლების მზარდ ინტერესზე ეკო-მეგობრული ავტომობილების მიმართ.
საქართველო ჯერ კიდევ ელექტრომობილების გავრცელების საწყის ეტაპზეა, თუმცა მიმართულება ცალსახაა. ელექტრომობილების და ჰიბრიდული მანქანების რეგისტრაციების რაოდენობის ზრდა — განსაკუთრებით თბილისში — ქმნის საფუძველს ფართო გავრცელებისთვის. ინფრასტრუქტურის განვითარება, სხვადასხვა სტიმული და ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს ამ ტრანზიციის დაჩქარებას და სუფთა ტრანსპორტის უფრო ფართო ხელმისაწვდომობას მოსახლეობისთვის.
იმისათვის, რომ საქართველო დაეწიოს საერთაშორისო ტენდენციებს, საჭიროა კერძო სექტორის, სახელმწიფოსა და მომხმარებლების ერთობლივი ქმედებები. ელექტრომობილები არამხოლოდ ეკოლოგიური არჩევანი, არამედ მდგარდი განვითარებისთვის გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია.
გამოყენებული წყაროები:
საქართველოს მონაცემები ეყრდნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ფიზიკურ პირებზე „აქტიური“ სტატუსით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ 2020-წლიდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით.