ქართული თუ იმპორტირებული? როგორ არჩევენ მომხმარებლები სასურსათო პროდუქტებს

ქართული თუ იმპორტირებული? როგორ არჩევენ მომხმარებლები სასურსათო პროდუქტებს
ქართული თუ იმპორტირებული? ეს კითხვა მრავალი მომხმარებლისთვის ყოველდღიური არჩევანის ნაწილია. დღევანდელ ბაზარზე მომხმარებელს ხშირად უწევს არჩევანის გაკეთება ქართულ და იმპორტირებულ პროდუქციის შორის. ამ არჩევანს შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავდეს — წარმომავლობა, სანდოობა, გემო, შეჩვევა, ფასის მიმართ დამოკიდებულება და სხვა. იმის გასაგებად, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ადამიანები სასურსათო პროდუქტების შერჩევისას და რა როლი ენიჭება პროდუქტის წარმომავლობას, „ეისითი კვლევამ“ (ACT Research) საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
რა განაპირობებს სასურსათო პროდუქტის არჩევანს?
როცა საქმე სასურსათო პროდუქტის შეძენას ეხება, კვლევის მიხედვით, ქართველი მომხმარებლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გემოსა და ხარისხს — გამოკითხულთა 88% უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ ნიშნით ირჩევს პროდუქტს.
მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად პროდუქტის წარმომავლობა სახელდება — 45% ამ ფაქტორსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ფასზე ყურადღებას მომხმარებლის 34% ამახვილებს.
ეს მიანიშნებს, რომ მომხმარებლები პროდუქტს ძირითადად გემოსა და ხარისხის მიხედვით ირჩევენ, თუმცა არჩევანზე გავლენას ახდენს ისიც, თუ სადაა პროდუქტი წარმოებული და რა ფასად იყიდება.
ქართველი მომხმარებლების არჩევანი – ადგილობრივი თუ იმპორტირებული სასურსათო პროდუქტი?
კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ მომხმარებლები სასურსათო პროდუქტის არჩევისას განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ – არის კატეგორიები, სადაც უპირატესობას ადგილობრივ პროდუქციას ანიჭებენ და ისეთიც, სადაც უფრო ხშირად უცხოურს ირჩევენ.
ქართული ნაწარმი ყველაზე მტკიცე პოზიციას შემდეგ კატეგორიებში იკავებს, ნაყინი, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები, რძე და პურის ფქვილი. ამ სეგმენტში იმპორტირებული პროდუქციის წილი დაბალია და არჩევანი ძირითადად ადგილობრივზე კეთდება.
კატეგორიები, როგორიცაა ჩაი, ტკბილეული, მზესუმზირის ზეთი და ბურღულეული მომხმარებლებისთვის შედარებით დაბალანსებულია – აქ არჩევანი ქართულსა და იმპორტირებულ პროდუქტს შორის თითქმის თანაბრად ნაწილდება.
ყველაზე ხშირად უცხოურ პროდუქციას ყიდულობენ მზესუმზირის ზეთისა და ბურღულეულის/ბაკალეას შემთხვევაში – ამ კატეგორიებში იმპორტირებულის წილი სხვებთან შედარებით ყველაზე მაღალია.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პროდუქტის შერჩევის წესები სხვადასხვა ჯგუფში განსხვავდება.
რეგიონებში მომხმარებლები ქართულ პროდუქციას უფრო ხშირად ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე თბილისში. თითქმის ყველა პროდუქტის კატეგორიაში რეგიონების მაჩვენებელი აღემატება დედაქალაქისას, რაც ქართულ პროდუქტზე მათ უფრო ძლიერ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ამ განსხვავებას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს — მაგალითად, პროდუქტის ხელმისაწვდომობა რეგიონებში ან ადგილობრივ ნაწარმთან უფრო მჭიდრო კავშირი.
გარდა ამისა, განსხვავებებს ვხდებით ასაკობრივ ჭრილში მონაცემთა ანალიზისას: შესამჩნევია ტენდენცია, რომ მომხმარებლის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ქართული პროდუქტის მიმართ ლოიალობაც.
55+ ასაკობრივი ჯგუფი თითქმის ყველა კატეგორიაში ლიდერობს ადგილობრივი პროდუქციის არჩევით, ხოლო 18–34 წლის ახალგაზრდებში ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია.
ყველაზე მკაფიო ასაკობრივი სხვაობა ტკბილეულის კატეგორიაში ვლინდება. 18–34 წლის მომხმარებლიდან მხოლოდ 17% ანიჭებს უპირატესობას ქართულ ტკბილეულს, მაშინ როცა 35–54 წლის სეგმენტში ეს მაჩვენებელი 42%-ს აღწევს, 55 წელს გადაცილებულებში კი – 59%-ს.
ვის ვენდობით – ქართულს თუ იმპორტირებულს?
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მომხმარებელთა უმეტესობა – 54% სასურსათო პროდუქტების არჩევისას უფრო მეტ ნდობას ქართულ წარმოშობას უცხადებს, ვიდრე იმპორტირებულს.
ამასთან, მნიშვნელოვანი სეგმენტია ვინც ადგილობრივსა და უცხოურ პროდუქტს თანაბრად ენდობა – 39%.
როგორ აღიქვამს მომხმარებელი პროდუქტის ხარისხს წარმოშობის მიხედვით?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც საგარეო ვაჭრობის შესახებ 2020-წლიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით სტატისტიკას ასახავს, ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოში სასურსათო პროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, თურქეთი, ბრაზილია და უკრაინა.
მათ შორის, რუსეთი ლიდერობს მარცვლეულის, ზეთებისა და ფქვილ-ბურღულეულის იმპორტით. თურქეთი წამყვანი ქვეყანაა ხილ-ბოსტნეულის მიმართულებით, უკრაინა – რძის პროდუქტებით, ხოლო ბრაზილია მნიშვნელოვანი იმპორტიორია ხორცპროდუქტების, შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის მიმართულებით.
თუმცა, იმპორტის მოცულობის მიღმა, საინტერესოა როგორ აღიქვამენ მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნის პროდუქციის ხარისხს. სწორედ ამ მიზნით მონაწილეებს ვკითხეთ, რომელი ქვეყნის სასურსათო პროდუქცია მიაჩნიათ ყველაზე ხარისხიანად. მიღებული პასუხები ცხადად აჩვენებს, რომ მომხმარებელთათვის ხარისხის აღქმა მჭიდროდ არის დაკავშირებული პროდუქტის წარმომავლობასთან.
ACTR კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალი ნდობა ადგილობრივ პროდუქციას აქვს — გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ საქართველოში წარმოებული სასურსათო პროდუქცია ხარისხის თვალსაზრისით უპირატესია. ქართული პროდუქციის შემდეგ, მეორე პოზიციას იკავებს გერმანია – ყველაზე ხარისხიანი იმპორტირებული პროდუქტის ჭრილში მას მოქალაქეთა 19% ასახელებს. აქვე აღსანიშნია, რომ საქსტატის მონაცემებით, იმპორტირებულ სასურსათო პროდუქტებს შორის გერმანიის წილი მხოლოდ 3%-ია, თუმცა მომხმარებლების მიერ ის ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე სურსათის იმპორტიორ ქვეყნად აღიქმება საქართველოს შემდეგ.
რუსეთი კი, რომელიც სასურსათო პროდუქტების ყველაზე მსხვილი იმპორტიორია საქართველოში, მოქალაქეთა შეფასებითა და აღქმით, ხარისხიანი სასურსათო პროდუქტის წარმოებით მესამე პოზიციას იკავებს – 18 %-ით.
თურქეთი, რომელიც სასურსათო პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია, ხარისხის აღქმასთან დაკავშირებით შედარებით ნაკლებად პოზიტიურ შეფასებებს იღებს — გამოკითხულთა 30% მას ასახელებს იმ ქვეყნად, რომლის პროდუქცია დაბალ ხარისხთან ასოცირდება. რაც შეეხება ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ საქსტატის მონაცემებით ის მხოლოდ მერვე ადგილზეა სასურსათო პროდუქტების იმპორტის მოცულობით და ამ კატეგორიაში მისი წილი მხოლოდ 2%-ს შეადგენს, გამოკითხულთა 20% მაინც მიიჩნევს, რომ ჩინური პროდუქცია დაბალი ხარისხისაა. ეს მიუთითებს, რომ მომხმარებელთა დამოკიდებულება ჩინურ სასურსათო პროდუქციასთან ხშირად სტერეოტიპებს ან არასასურსათო გამოცდილებას ეყრდნობა და ხარისხის აღქმა რეალურ მოხმარებასთან ნაკლებად კავშირშია.
საბოლოოდ, კვლევა აჩვენებს, რომ სასურსათო პროდუქტების შერჩევისას გემო და ხარისხი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია. თუმცა პროდუქტის წარმომავლობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მომხმარებლებისთვის ქართულ პროდუქტს მაღალი ნდობა აქვს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ადგილობრივსა და იმპორტირებულ პროდუქციას თანაბარი ნდობით ეკიდება.
*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 804 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 22-26 აპრილს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.
**იმპორტირებული სასურსათო პროდუქტების შესახებ მონაცემები ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას საგარეო ვაჭრობის შესახებ 2020-წლიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით.
მოცემული კვლევა განხორციელდა კომპანია „ეისითი კვლევის“ (ACTR) ინიციატივით, მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, რუბრიკაში „მომხმარებლის ხმა“.
ACTR-ის CSR პოლიტიკა ეფუძნება საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მიდგომას და დროული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების გენერირებას საზოგადოებრივი საკითხების უკეთ გასააზრებლად. ამ მიზნით, ACTR პერიოდულად ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ოთხი ძირითადი მიმართულებით:
„საზოგადოების ხმა“ – სოციალური და სამოქალაქო განწყობების შესწავლა;
„მომხმარებლის ხმა“ – მომხმარებლური ქცევებისა და საჭიროებების ანალიზი;
„ბიზნესის ხმა“ – კერძო სექტორის ტენდენციებისა და მოლოდინების კვლევა;
„ციფრული ტრენდები“ – ტექნოლოგიური და ციფრული ცვლილებების მონიტორინგი.
ინიციატივის მიზანია გააუმჯობესოს მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ, საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
ACTR უზრუნველყოფს მონაცემების გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას — როგორც საზოგადოებრივი ღირებულების შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს.