საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია – ACTR-ის ახალი კვლევის შედეგები

6 მაისი 2025

საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია – ACTR-ის ახალი კვლევის შედეგები

6 მაისი 2025

ადგილობრივი და გლობალური პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური სტაბილურობის თემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ეისითი კვლევის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური განწყობებისა და ხარჯვის პრიორიტეტების შესწავლა, იკვეთება, რომ საზოგადოებაში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი საკმაოდ მაღალია. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი — 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი. ამ პროგნოზს ფონად გასდევს უარყოფითი შეფასებები პირად მატერიალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით: ბოლო 6 თვის განმავლობაში მოსახლეობის 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.  როგორც ჩანს, შიში ეკონომიკური მომავლის მიმართ არ არის მხოლოდ თეორიული მოლოდინი, არამედ ეს განცდა უკვე არსებულ რეალობასაც ეფუძნება.

მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აშკარად ჩანს ეკონომიკური გამოწვევები: მოსახლეობის 47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა, ხოლო 55%-თვის გამოწვევას წარმოადგენს წამლებისა და სამედიცინო მომსახურების შეძენა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ფინანსური რესურსების შეზღუდვა კრიტიკულად ეხება ადამიანის ყოველდღიურ, ბაზისურ საჭიროებებს.

ეკონომიკური სირთულეების ფონზე, განსაკუთრებულად აქტუალური ხდება იმის გარკვევა, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და ვინ უნდა იყოს ძირითადი აქტორი მისი გამოსწორების პროცესში. მოსახლეობის 44% ცხოვრების პირობების გაუარესებაზე პასუხისმგებლად მთავრობას მიიჩნევს. ეს ტენდენცია ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოება ხელისუფლებას აღიქვამს, როგორც მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებ სუბიექტს და ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების ძირითად განმაპირობებელ ძალას. ამავე დროს, 29% საკუთარ თავზეც იღებს პასუხისმგებლობას და აღნიშნავს, რომ არსებულ სიტუაციაში წვლილი მათაც მიუძღვით.

მომხმარებლის ქცევის მოსალოდნელი ცვლილება – რა ტიპის ხარჯები შემცირდება და გაიზრდება ეკონომიკური კრიზისის პირობებში?

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინი არამხოლოდ მოსახლეობის განწყობებზე მოქმედებს, არამედ ცვლის მათ ფინანსურ გეგმებსაც. ეკონომიკური პესიმიზმის პირობებში მოქალაქეები იწყებენ ხარჯების გადახედვას და პირველ რიგში მზად არიან შეამცირონ ის დანახარჯები, რომლებიც არ განიხილება პირველადი საჭიროებების კატეგორიაში. სწორედ ამ პროცესში იკვეთება სექტორები, რომლებზეც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი ხარჯების შემცირება, და სფეროები, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მაღალი ხარჯვის პოტენციალს.

ეკონომიკური პრობლემების გაღრმავების შემთხვევაში, მოსახლეობა პირველ რიგში HORECA სექტორს განიხილავს ხარჯების შემცირების სამიზნედ. კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 30% ხარჯების დაზოგვას გეგმავს მოგზაურობასა და დასვენებაზე, ხოლო 29% — გართობის მიმართულებით. ეს მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ფინანსური კრიზისის გაღრმავების ფონზე HORECA ბიზნესს მომხმარებელთა კლების ყველაზე მაღალი რისკი აქვს.

ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში, გარკვეულ კატეგორიებში მოსახლეობა კვლავ ინარჩუნებს ხარჯვის მაღალ განწყობას — რაც მიუთითებს ამ სერვისებისა და პროდუქტების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

კერძოდ, გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ უახლოეს 6 თვეში სავარაუდოდ თანხას დახარჯავს ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე. აღნიშნული ადასტურებს, რომ ჯანმრთელობა მოსახლეობისთვის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება.

გარდა ამისა, 40% განიხილავს ხარჯვას განათლების მიმართულებით, რაც შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია საკუთარი მომავლის მიმართ. ეს მიანიშნებს მოსახლეობის ნაწილში არსებული განწყობისკენ — ეკონომიკური არასტაბილურობა პროფესიული განვითარების გზით გადალახონ.

ხარჯვის მინიმალური განწყობა ფიქსირდება ფინანსური ინვესტიციების მიმართულებით, სადაც მხოლოდ 16% განიხილავს ფულის ჩადებას. აღნიშნული ტენდენცია ასახავს, რომ არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში მოსახლეობა ნაკლებადაა მიდრეკილი რესურსების რისკიან აქტივებში განთავსებისკენ. ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირველადი საჭიროებების დაფარვა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საბოლოოდ, ნათლად იკვეთება, რომ მოსახლეობაში არსებობს ეკონომიკური დაღმასვლის მოლოდინი, რაც გავლენას ახდენს მათ ფინანსურ გეგმებსა და ხარჯვით პრიორიტეტებზე. მთავარი აქცენტი კეთდება საარსებოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე, ხოლო შედარებით არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებები — როგორიცაა მოგზაურობა, დასვენება, გართობა — ნაკლებად პრიორიტეტული ხდება.

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 800 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 17-23 მარტს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

____

მოცემული კვლევა განხორციელდა კომპანია „ეისითი კვლევის“ (ACTR) ინიციატივით, მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, რუბრიკაში „საზოგადოების ხმა“.

ACTR-ის CSR პოლიტიკა ეფუძნება საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მიდგომას და დროული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების გენერირებას საზოგადოებრივი საკითხების უკეთ გასააზრებლად. ამ მიზნით, ACTR პერიოდულად ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ოთხი ძირითადი მიმართულებით:

„საზოგადოების ხმა“ – სოციალური და სამოქალაქო განწყობების შესწავლა;
„მომხმარებლის ხმა“ – მომხმარებლური ქცევებისა და საჭიროებების ანალიზი;
„ბიზნესის ხმა“ – კერძო სექტორის ტენდენციებისა და მოლოდინების კვლევა;
„ციფრული ტრენდები“ – ტექნოლოგიური და ციფრული ცვლილებების მონიტორინგი.

ინიციატივის მიზანია გააუმჯობესოს მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ, საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

ACTR უზრუნველყოფს მონაცემების გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას — როგორც საზოგადოებრივი ღირებულების შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს.

გააზიარე: