ონლაინ ვაჭრობის კულტურა საქართველოში – ACTR-ის ახალი კვლევის შედეგები

ონლაინ ვაჭრობის კულტურა საქართველოში – ACTR-ის ახალი კვლევის შედეგები
მსოფლიოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ონლაინ ვაჭრობის ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ციფრული პლატფორმების განვითარებამ წაშალა გეოგრაფიული ბარიერები — მომხმარებელს შეუზღუდავი არჩევანი მისცა ადგილობრივ სავაჭრო სივრცეებს მიღმა. მას შეუძლია პროდუქტი შეიძინოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ამ პირობებში, მნიშვნელოვანია შევხედოთ ქართულ ბაზარს. „ეისითი კვლევის“ (ACTR) მიერ ჩატარებული გამოკითხვა „ონლაინ ვაჭრობის კულტურა საქართველოში“ გვთავაზობს ინფორმაციას ქართველი მომხმარებლების ქცევისა და დამოკიდებულებების შესახებ ონლაინ ვაჭრობის მიმართ: ვინ ვაჭრობს ონლაინ? რას ყიდულობენ მომხმარებლები ციფრულ სივრცეში? რა სიხშირით? რა ბარიერები არსებობს ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით?
ვინ ვაჭრობს ონლაინ სივრცეში საქართველოში ბოლო 6 თვის გათვალისწინებით?
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია ონლაინ ვაჭრობაში (54%). შესყიდვებისთვის მომხმარებლები მიმართავენ როგორც ქართულ, ისე უცხოურ პლატფორმებს.
საინტერესოა ონლაინ მოვაჭრეთა დახასიათება დემოგრაფიულ ჭრილში:
- მონაცემები ცხადყოფს, რომ ონლაინ ვაჭრობას უფრო მეტად ქალები მიმართავენ (60%), ვიდრე მამაკაცები (41%);
- აღნიშნულ სეგმენტში ჭარბობენ 18-54 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები – ჯამურად 79%;
- განსაკუთრებით საინტერესოა გეოგრაფიული ნიშნით ონლაინ მოვაჭრეთა დახასიათება. მათ შორის მაღალია რეგიონის წარმომადგენელთა წილი (65%). რაც შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა პროდუქტისა და სავაჭრო ობიექტების ნაკლები მრავალფეროვნებით.
ონლაინ ვაჭრობის სიხშირე:
კვლევამ აჩვენა, რომ ქართველ ონლაინ მოვაჭრეთა ნახევარი (50%) აქტიურად (მინიმუმ თვეში ერთხელ) ყიდულობს ონლაინ, ხოლო მეორე ნახევარი – შედარებით იშვიათად (2-3 თვეში ერთხელ ან კიდევ უფრო იშვიათად).
საინტერესოა ამ კუთხით ადგილობრივი და საერთაშორისო პლატფორმების მოხმარების სიხშირის შედარებითი ანალიზიც:
- კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქართველი მომხმარებლები უფრო აქტიურად იყენებენ უცხოურ ონლაინ პლატფორმებს რეგულარული შესყიდვებისთვის (თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად – 51%), ვიდრე ქართულს (თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად – 41%).
რას ყიდულობენ ქართველები ონლაინ?
ონლაინ ვაჭრობისას, ყველაზე გავრცელებული ქცევაა ტანსაცმლისა და აქსესუარების (47%) შეძენა. ამასთან, საყოფაცხოვრებო ნივთები (29%) და საბავშვო პროდუქტებიც (20%) პოპულარულია სხვა კატეგორიებთან შედარებით.
ონლაინ ვაჭრობისთვის პოპულარული უცხოური ვებ-გვერდები და პლატფორმები
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ უცხოური პლატფორმებიდან ცალსახა პოპულარობით სარგებლობს Temu (75%), საყურადღებოა, რომ მსოფლიოს გიგანტი ონლაინ სავაჭრო ორგანიზაცია Amazon-იც (16%) კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Temu-ს მომხმარებელთა მნიშვნელოვანი წილი რეგიონებზე მოდის.
რატომ არ ვაჭრობს ონლაინ ფორმით ქართველი მომხმარებელი, ბოლო 6 თვის გათვალისწინებით?
ქართველი მომხმარებლების მიერ ონლაინ ვაჭრობისგან თავის შეკავების მიზეზები მრავალფეროვანია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერად პროდუქტის ნახვის გარეშე ყიდვა და ხარისხთან დაკავშირებული რისკები სახელდება. ეს მიუთითებს, რომ მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის უშუალოდ ნახვა შესყიდვამდე.
*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 804 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 22-26 აპრილს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.
***
მოცემული კვლევა განხორციელდა კომპანია „ეისითი კვლევის“ (ACTR) ინიციატივით, მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, რუბრიკაში „მომხმარებლის ხმა“.
ACTR-ის CSR პოლიტიკა ეფუძნება საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მიდგომას და დროული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების გენერირებას საზოგადოებრივი საკითხების უკეთ გასააზრებლად. ამ მიზნით, ACTR პერიოდულად ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ოთხი ძირითადი მიმართულებით:
„საზოგადოების ხმა“ – სოციალური და სამოქალაქო განწყობების შესწავლა;
„მომხმარებლის ხმა“ – მომხმარებლური ქცევებისა და საჭიროებების ანალიზი;
„ბიზნესის ხმა“ – კერძო სექტორის ტენდენციებისა და მოლოდინების კვლევა;
„ციფრული ტრენდები“ – ტექნოლოგიური და ციფრული ცვლილებების მონიტორინგი.
ინიციატივის მიზანია გააუმჯობესოს მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ, საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
ACTR უზრუნველყოფს მონაცემების გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას — როგორც საზოგადოებრივი ღირებულების შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს.