
პროდუქტის განვითარება
ახალი პროდუქტის კონცეფციის შემუშავებამდე, მისი შექმნის საწყის ეტაპზე, აუცილებელია პოტენციური მომხმარებლების განსაზღვრა, მათი საჭიროებისა და მოლოდინის შესწავლა და გათვალისწინება. ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პროდუქტის კონცეფციის შემუშავების ადრეულ სტადიაზევე გამოვლინდეს პროდუქტთან დაკავშირებული რისკები და თავიდან მათ ასაცილებლად ან მაქსიმალურად შესამცირებლად დაიგეგმოს და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები;
ჩვენი მიზანია, პროდუქტის სისტემური ხედვით ჩვენს პარტნიორებამდე მივიტანოთ დასანერგი პროდუქტის ზუსტი შეფასება, რაც გულისხმობს როგორც პროდუქტის ძლიერი, განსხვავებული და კონკურენტუნარიანი მახასიათებლების ჩვენებას, ისე მის სუსტ მხარეებსა და ხარვეზებზე მითითებას, აგრეთვე, იმ ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებას, რაც პროდუქტის გრძელვადიანი და წარმატებული ოპერირების წინაპირობა იქნება ბაზარზე.
დასანერგი პროდუქტის წინასწარი შეფასება (ტესტირება) ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობებს მისცემს, ზედმიწევნით ზუსტად და დროულად განსაზღვრონ პროდუქტთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა და გასატარებელი ღონისძიებები.
ახალი პროდუქტის ბაზარზე გაშვებამდე მნიშვნელოვანია მისი სახელის, შეფუთვისა და სხვა იმ მახასიათებლების კარგად შესწავლა და ცოდნა, რომლებსაც ემოციური კავშირი და გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მომხმარებლებზე. პოტენციური მომხმარებლის განწყობისა და დამოკიდებულების გათვალისწინება გარკვეული რისკების გამოვლენისა და თავიდან აცილების წინაპირობაა.
პროდუქტის აღნიშნულ მახასითებლებზე დაკვირვების, შესწავლისა და ტესტირების მიზანია, ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის ცოდნაც აუცილებელია პროდუქტის დანერგვის ადრეულ სტატიაზე და რომლის გათვალისწინებაც პროდუქტის წარმატების წინაპირობაა.
პროდუქტის იდეისა და მისი არსობრივი მახასიათებლების განსაზღვრა არის ის ძირითადი საყრდენი, რომელზედაც უნდა აიგოს მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული, ეფექტიანი სტრატეგია, როგორც ბიზნესის წარმატების წინაპირობა.
ახალი პროდუქტის შექმნა და ბაზარზე მისი დამკვიდრება დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული, ამიტომ მწარმოებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგად იცნობდეს პოტენციური მომხამრებლის ე.წ. ორგანოლეპტიკურ (გემო, სუნი, ვიზუალი, მგრძნობელობა) მიმღებლობას: როგორი გემოვნური თვისებები მოსწონს მას, როგორი ვიზუალი – ფერი, ფორმა, შემხებლობა, ტექსტურა. ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე ბიზნესი შეიძლება მნიშვნელოვნად დაზარალდეს.
პროდუქტის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შესწავლით ჩვენ ვეხმარებით მწარმოებელს, სამიზნე აუდიტორიის თვალით დაინახონ და შეაფასონ თავისი პროდუქტი, იმუშაონ სასინჯ ვერსიებზე და გამოავლინონ მათ შორის საუკეთესო. კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდება:
- სასინჯ ვერსიებს შორის პროდუქტის საუკეთესო ვარიანტის შერჩევა;
- გამოვლენილი რისკებისა და პროდუქტთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება;
- მეტი თავდაჯერებულობა მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტის შეთავაზებისას.
პროდუქტის სამომხმარებლო პოტენციალის შეფასებისა და ბაზარზე მისი წარმატებით დამკვიდრებისათვის აუცილებელია გვესმოდეს პროდუქტის მახასიათებლების პრიორიტეტულობა – ის, თუ პროდუქტის რომელ თვისებას აქვს წამყვანი, მასტიმულირებელი როლი პოტენციური კლიენტებისათვის. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროდუქტის საბოლოო სახით ფორმირებისათვის.
პროდუქტის თითოეული მახასიათებლის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენლის ცოდნა აუცილებელია ცალკეული თვისებრივი კომპონენტის ღირებულების დასადგენად, რაც პროდუქტის მოდიფიცირებისა და ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა, თან ისე, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს პოტენციური მომხმარებლების ინტერესები.
მსგავსი ანალიზი მწარმოებელს აძლევს საშუალებას, ზუსტად განსაზღვროს, პროდუქტის მახასიათებლებისაგან რომელია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ან როგორი კომბინაცია შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის უფრო მოსაწონი და მისაღები. ამის ცოდნა მწარმოებელს მეტ დამაჯერებლობასა და გამბედაობას მატებს პროდუქტის საბოლოო ვერსიის შერჩევისას.
პროდუქტის ფასს პირდაპირი კავშირი აქვს ბაზარზე მის დამკვიდრებასა და მოთხოვნასთან. შესაბამისად, ფასის დროული და ზუსტი განსაზღვრა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფასწარმოქნის პროცესში, გარდა წარმოებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯებისა, აუცილებელია მომხმარებლის პრიორიტეტებისა და პროდუქტზე მოთხოვნის გათვალისწინებაც.
პროდუქტის ფასების ცვალებადობაზე დაკვირვება და ამ ცვალებადობის დიაპაზონის დადგენა გვაძლევს წარმოდგენას იმაზე, თუ რამდენად მოთხოვნადია პროდუქტი. მოთხოვნის ე.წ. ელასტიურობა ფასის მიხედვით ზომავს იმას, თუ რამდენად არის დამოკიდებული საქონლის მოთხოვნის სიდიდე ამ საქონლის ფასის ცვლილებაზე. მოთხოვნის ელასტიურობა ნიშნავს, რომ ფასის მცირეოდენი ცვლილება იწვევს იმ პროდუქციის რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელზეც არის მოთხოვნა. თუკი ფასის შეცვლა მხოლოდ ოდნავ ცვლის საქონლის ან მომსახურების რეალიზაციის რაოდენობას, მაშინ მოთხოვნა არაელასტიურია. მიწოდების ელასტიურობის ძირითადი ფაქტორია დრო, რომლის განმავლობაშიც მწარმოებელი სათანადო რეაგირებას ახდენს თავისი პროდუქციის ფასების შემცირებასა თუ გადიდებაზე.
სწორედ ამგვარი კვლევის შედეგად კომპანიებს ეძლევათ საშუალება, წინასწარ განსაზღვრონ ფასწარმოქნის მათთვის მისაღები დიაპაზონი და ჰქოდეთ ფასისა და მოთხოვნის ურთიერთკავშირზე მაქსიმალურად ადეკვატური მოლოდინი.