საერთაშორისო მოგზაურობა ქართველებისთვის: ტენდენციები და ჩვევები

საერთაშორისო მოგზაურობა ქართველებისთვის: ტენდენციები და ჩვევები
ბოლო წლებში საერთაშორისო მოგზაურობა საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გახდა. დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების გამოჩენამ, ონლაინ ჯავშნის პლატფორმებისა და სხვა ტექნოლოგიური სერვისების განვითარებამ მგზავრობა საგრძნობლად გაამარტივა. საზღვრები, რომლებიც ადრე მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენდა, დღეს სულ უფრო იშლება, ხოლო ქართველ მოქალაქეებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, იმოგზაურონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ამ ცვლილებების ფონზე, „ეისითი კვლევის“ მიერ ჩატარებული ონლაინ გამოკითხვა დეტალურად აანალიზებს ქართველების სამოგზაურო ჩვევებს — მათ შორის მოგზაურობის სიხშირეს, ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს, დაგეგმვის სტილსა და იმ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავს საბოლოო არჩევანს.
პოპულარული მიმართულებები
კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კვლევის მონაწილე სოციალური ქსელების მომხმარებელთა 45%-მა იმოგზაურა საზღვარგარეთ. ყველაზე პოპულარული მიმართულება აღმოჩნდა თურქეთი, სადაც გამოკითხულ მოგზაურთა 34%-ია ნამყოფი ბოლო 1 წელში. რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დანიშნულების ადგილია იტალია (22%), ხოლო მესამე – გერმანია (19%).
ტოპ ათეულში, ასევე, სხვა ევროპული სახელმწიფოებიც მოხვდნენ: საბერძნეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, ავსტრია, დანია. თითოეულ ამ ქვეყანაში გამოკითხული სეგმენტის 9-12%-ია ნამყოფი. ეს ტენდენცია მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროპის მიმზიდველობას ქართველი მოგზაურებისთვის.
სოციალური ქსელების მომხმარებელი მოგზაურების 39%-მა გასულ წელს ერთხელ დატოვა ქვეყანა. დაახლოებით მეოთხედმა (24%) ორჯერ იმოგზაურა, ხოლო სამი და მეტი მოგზაურობის გამოცდილება ბოლო 12 თვეში 36%-ს აქვს.
როგორ გეგმავენ ქართველები მოგზაურობას?
გამოკითხულთა უმეტესობა საზღვარგარეთ მოგზაურობას დამოუკიდებლად გეგმავს. ტურისტული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობის გამოცდილება მხოლოდ 18%-ს აქვს. საინტერესოა, რომ ამ მხრივ თვალსაჩინოა სქესთა შორის განსხვავება — ტურისტულ სააგენტოებს უფრო აქტიურად მიმართავენ ქალები (27%), ვიდრე კაცები (3%).
საინფორმაციო წყაროებიდან, რომლებიც ქართველ მოგზაურებს ეხმარება უცხოეთში გასამგზავრებელი მიმართულებებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, ლიდერობს პირადი რჩევები — გამოკითხულთა 42% ყველაზე მეტად მეგობრებისა და ოჯახის გამოცდილებას ენდობა. ამასთან ერთად, ტოპ ხუთეულში შედის ინტერნეტი (27%), სოციალური ქსელები (23%) , ტურისტული სააგენტოების ვებგვერდები და რეკლამები (18%) და შედარებით ახალი, მაგრამ მზარდი რესურსი — ხელოვნური ინტელექტი (11%).
სხვა წყაროები, როგორიცაა ბლოგერები, YouTube ვიდეოები ან ავიაკომპანიების აპლიკაციები, შედარებით ნაკლებად გამოიყენება. ეს ტენდენცია ადასტურებს, რომ მიუხედავად ციფრული პლატფორმების ზრდისა, პირადი რეკომენდაციები რჩება გადამწყვეტ ფაქტორად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
მოგზაურობის მიზნები:
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საზღვარგარეთ ბოლო მოგზაურობის ყველაზე გავრცელებული მიზნებია ტურისტული ვიზიტი / ღირსშესანიშნაობების დათვალიერება (49%) და დასვენება/შვებულების გატარება (43%). საზღვარგარეთ ასევე დადიან შოპინგისთვის (19%) და სამუშაო ვიზიტების ფარგლებში (15%).
ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ქართველებისთვის საერთაშორისო მოგზაურობა პირველ რიგში განტვირთვისა და ახალი გამოცდილებების მიღების საშუალებაა, თუმცა ზოგ შემთხვევაში ითვალისწინებს პრაქტიკულ და საქმიან დანიშნულებებსაც.
მოგზაურობის ჩვევები
ბოლო მოგზაურობისას გამოკითხულთა უმრავლესობამ საერთაშორისო ფრენებისთვის ქუთაისის აეროპორტი აირჩია (62%). თბილისის აეროპორტის წილი უფრო დაბალია და 38%-ს შეადგენს.
გამოკითხულთა 36% ყველაზე ხშირად მოგზაურობს მეგობრებთან ერთად, 21% — ოჯახის წევრებთან, ხოლო მარტო მოგზაურობის წილი 18%-ს შეადგენს. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ გამოკითხულთა სამოგზაურო გამოცდილებაში ჯგუფური, კოლექტიური ფორმატი უფრო გავრცელებულია, ვიდრე ინდივიდუალური მოგზაურობა.
სამომავლო სამოგზაურო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები
კვლევის შედეგების მიხედვით, სოციალური ქსელების მომხმარებელთა 40% მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავს, 33% ამ ეტაპზე მსგავს შესაძლებლობას არ განიხილავს, ხოლო 27%-ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სქესობრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ქალებში მოგზაურობის განხილვის მაჩვენებელი 10%-ით მაღალია, ვიდრე კაცებში.
მათ შორის, ვინც მოგზაურობას აპირებს, ტოპ 5 სასურველი მიმართულებაა:
- იტალია – 24%
- თურქეთი – 18%
- საფრანგეთი – 13%
- საბერძნეთი – 11%
- ესპანეთი – 10%
ეს მონაცემები ხაზს უსვამს, რომ ქართველების სამოგზაურო ინტერესებში კვლავ დომინირებს ევროპული მიმართულებები.
მოგზაურობის საოცნებო მიმართულებები
საინტერესო პრეფერენციები იკვეთება ზოგადად, მოგზაურობისთვის საოცნებო დანიშნულების თვალსაზრისით.
მათ შორის გამოკვეთილად ლიდერობს იტალია – გამოკითხულთა 37%-ისთვის ეს ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე მიმზიდველ ადგილს მოსანახულებლად. აღსანიშნავია, რომ ქალებისთვის იტალია უფრო სასურველი მიმართულებაა (43%), ვიდრე კაცებისთვის (29%). მას მოსდევს საფრანგეთი (25%) და ესპანეთი (18%). ტოპ 5 ქვეყანაში, ასევე, მოხვდნენ იაპონია (11%) და გერმანია (10%).
აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში წარმოდგენილია როგორც ევროპული, ისე არაევროპული მიმართულებები, რაც ასახავს გამოკითხულთა ინტერესების მრავალფეროვნებას კულტურული და გეოგრაფიული თვალსაზრისით.
ქვეყნის არჩევის კრიტერიუმები და სასურველი ტურიზმის ტიპები
კვლევის მონაცემებით, ქვეყნის არჩევისას გამოკითხულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კულტურული ღირსშესანიშნაობები და ისტორიული ძეგლები (44%). მნიშვნელობა ენიჭება ასევე ხელმისაწვდომ ფასებს (27%), დასვენებისა და გართობის შესაძლებლობას (23%) და ვიზის გარეშე მოგზაურობის პირობებს (23%).
მოგზაურობის დაგეგმვაზე მოქმედი ფაქტორები განსხვავდება გენდერული ნიშნით. კერძოდ:
- კულტურული ღირსშესანიშნაობები ქალებისთვის (55%) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კაცებისთვის (30%).
- დასვენებისა და გართობის შესაძლებლობას უპირატესობას კაცები (31%) ანიჭებენ, ქალებში კი ეს მაჩვენებელი 17%-ია.
სასურველი მოგზაურობის ტიპებს შორის პირველ ორ ადგილს იკავებს კულტურული ტურიზმი (59%) და კურორტული ტურიზმი (51%).
გენდერული ანალიზი აჩვენებს, რომ განსხვავებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა კულტურულ და სათავგადასავლო ტურიზმში:
- კულტურული ტურიზმი ქალებში უფრო პოპულარულია (72%), ვიდრე კაცებში (45%).
- სათავგადასავლო ტურიზმის მიმართ ინტერესი კაცებში თითქმის ორჯერ მაღალია (14%), ვიდრე ქალებში (7%).
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სოციალური ქსელების მომხმარებელთა სამოგზაურო პრეფერენციები უმეტესად ევროპულ მიმართულებებს მოიცავს. ქვეყნის არჩევისას გამოკითხულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია კულტურული ღირსშესანიშნაობები, ხელმისაწვდომი ფასები და კომფორტული პირობები. მოგზაურობის მთავარი მიზნები კი დასვენება და კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენაა. რაც მიუთითებს, რომ მათი სამოგზაურო ჩვევები აერთიანებს როგორც განტვირთვისა და რელაქსაციის სურვილს, ისე ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების ინტერესს. ამგვარად, გამოკვეთილია ბალანსი პრაქტიკულ ფაქტორებსა და უფრო კრეატიულ, შემოქმედებით ინტერესებს შორის, რაც სამოგზაურო არჩევანს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.
ონლაინ გამოკითხვა საქართველოში მოგზაურობის შესახებ 2025 წლის 5 ივნისი – 18 ივლისის პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო სოციალური ქსელის 351-მა მომხმარებელმა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 5%-ს.
მოცემული კვლევა განხორციელდა კომპანია „ეისითი კვლევის“ (ACTR) ინიციატივით, მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, რუბრიკაში „მომხმარებლის ხმა“.
ACTR-ის CSR პოლიტიკა ეფუძნება საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მიდგომას და დროული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების გენერირებას საზოგადოებრივი საკითხების უკეთ გასააზრებლად. ამ მიზნით, ACTR პერიოდულად ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ოთხი ძირითადი მიმართულებით:
„საზოგადოების ხმა“ – სოციალური და სამოქალაქო განწყობების შესწავლა;
„მომხმარებლის ხმა“ – მომხმარებლური ქცევებისა და საჭიროებების ანალიზი;
„ბიზნესის ხმა“ – კერძო სექტორის ტენდენციებისა და მოლოდინების კვლევა;
„ციფრული ტრენდები“ – ტექნოლოგიური და ციფრული ცვლილებების მონიტორინგი.
ინიციატივის მიზანია გააუმჯობესოს მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ, საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
ACTR უზრუნველყოფს მონაცემების გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას — როგორც საზოგადოებრივი ღირებულების შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს.