ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საქართველოში – ACTR-ის ახალი კვლევის შედეგები

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საქართველოში – ACTR-ის ახალი კვლევის შედეგები
თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამის ფონზე საინტერესოა იმის შესწავლა, თუ როგორ იყენებს და აღიქვამს ამ ტექნოლოგიას საქართველოს მოსახლეობა.
„ეისითი კვლევამ“ (ACTR) 2025 წლის აპრილ-მაისში ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა „საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების“ შესახებ.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში სოციალური ქსელების მომხმარებლების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას (96%) სმენია, ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ხოლო 81% სახელითაც იცნობს რომელიმე AI-პლატფორმას.
ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები უკვე მყარად იკავებს პოზიციას ქართული ციფრული მომხმარებლის ყოველდღიურობაში — სოციალური ქსელების მომხმარებელთა 71% აქტიურად იყენებს სხვადასხვა AI ხელსაწყოს. ეს მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ხელოვნური ინტელექტი საქართველოში მხოლოდ ექსპერიმენტული ტექნოლოგია აღარ არის, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს პასუხობს.
ხელოვნური ინტელექტის ცნობადობისა და გამოყენების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად იკლებს როგორც AI პლატფორმების შესახებ ინფორმირებულობა, ასევე მათი გამოყენების აქტივობა.
სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის ყველაზე მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა 18-35 წლის ასაკობრივ კატეგორიაში: ამ სეგმენტის 98%-ს სმენია კონკრეტულად რომელიმე ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის შესახებ, ხოლო 94% რეალურადაც იყენებს მას სხვადასხვა მიზნით.
როგორც ირკვევა, ფასიანი ვერსიის გამოყენება შედარებით ნაკლებად გავრცელებული ქცევაა (12%), გამოკითხული რესპონდენტები ჯერ კიდევ უპირატესობას ანიჭებენ უფასო ალტერნატივებს. ეს ტენდენცია შეიძლება მიუთითებდეს ორ ძირითად ფაქტორზე: ერთი მხრივ, მომხმარებლების ჯერ კიდევ დაბალი მზაობა გადაიხადონ ციფრული პროდუქტებისთვის, ხოლო მეორე მხრივ — უფასო ვერსიების საკმარისი ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებელთა საჭიროებებს უკვე ერგება.
საერთო სურათი ცხადყოფს, რომ AI საქართველოში სწრაფად ვრცელდება, თუმცა მისი კომერციული პოტენციალის რეალიზება ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.
თბილისსა და რეგიონებს შორის ხელოვნური ინტელექტის ცნობადობისა და გამოყენების მხრივ განსხვავებები შეინიშნება: თბილისში AI პლატფორმები უფრო ცნობილია და აქტიურად გამოიყენება რეგიონებთან შედარებით:
- ცნობადობა: თბილისი 87%; რეგიონები 78%;
- გამოყენება: თბილისი 79%; რეგიონები 68%;
საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სფეროში ყველაზე ცნობადი და გამოყენებადი პლატფორმაა ChatGPT. სხვა პლატფორმები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ მაჩვენებლებს, რაც ხაზს უსვამს ChatGPT-ის დომინანტურ პოზიციას.
ხელოვნურ ინტელექტი აქტიურ გამოყენებაშია – რესპონდენტთა 76% კვირაში ორჯერ ან უფრო ხშირად იყენებს AI პლატფორმებს, რაც მიუთითებს მის ფართო და განმეორებად გამოყენებაზე. სარგებლობის მთავარი მიზნები ცხადად ასახავს AI-ის ფუნქციურ როლს:
- ინფორმაციის მოძიება – 74%
- სწავლა და კვლევა – 52%
- ზოგადი რჩევები – 48%
- იდეების გენერირება – 43%
შეიძლება ითქვას, რომ AI არა მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის გამოიყენება, არამედ აქტიურად არის ინტეგრირებული საგანმანათლებლო და შემოქმედებით პროცესებში.
ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოყენება, ბუნებრივია, ბადებს სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებსაც — საინტერესოა, თუ რამდენად ენდობა მომხმარებელი სისტემას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს?
როგორც ირკვევა, ქართული სოციალური ქსელების მომხმარებლების თითქმის ნახევარი (45%) ენდობა ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა საზოგადოებაში მაინც შეინიშნება სკეპტიციზმის ნიშნები — 28% ეჭვის თვალით უყურებს AI-ს ან გარკევულ უნდობლობას ამჟღავნებს მის მიმართ. რესპონდენტთა დაახლოებით მეოთხედს კი უჭირს პასუხის გაცემა ხელოვნური ინტელექტის მიმართ მათი დამოკიდებულების შესახებ.
ხელოვნური ინტელექტის მიმართ ნდობის საკითხზე თბილისის მომხმარებელთა აზრი ორ ნაწილად იყოფა: 42% ენდობა AI-ს, ხოლო 40% ეჭვის თვალით უყურებს მას.
მიუხედავად გარკვეული სკეპტიციზმისა, საზოგადოებრივი განწყობები მთლიანობაში ოპტიმისტურია: რესპონდენტთა 56% მიიჩნევს, რომ AI პოზიტიურად შეცვლის საზოგადოების ცხოვრებას.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ხელოვნური ინტელექტი საქართველოში სწრაფად ადაპტირდება. მაღალი ცნობადობა, აქტიური გამოყენება და პოზიტიური მოლოდინები მიუთითებს, რომ AI აღარ არის მხოლოდ ახალი ტექნოლოგია — ის უკვე ყოველდღიური გადაწყვეტილებების და გამოცდილების ნაწილი გახდა.
*ონლაინ გამოკითხვა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ 2025 წლის 22 აპრილი – 13 მაისის პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო სოციალური ქსელის 637-მა მომხმარებელმა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 4%-ს.
მოცემული კვლევა განხორციელდა კომპანია „ეისითი კვლევის“ (ACTR) ინიციატივით, მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, რუბრიკაში „ციფრული ტრენდები“.
ACTR-ის CSR პოლიტიკა ეფუძნება საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მიდგომას და დროული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების გენერირებას საზოგადოებრივი საკითხების უკეთ გასააზრებლად. ამ მიზნით, ACTR პერიოდულად ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ოთხი ძირითადი მიმართულებით:
„საზოგადოების ხმა“ – სოციალური და სამოქალაქო განწყობების შესწავლა;
„მომხმარებლის ხმა“ – მომხმარებლური ქცევებისა და საჭიროებების ანალიზი;
„ბიზნესის ხმა“ – კერძო სექტორის ტენდენციებისა და მოლოდინების კვლევა;
„ციფრული ტრენდები“ – ტექნოლოგიური და ციფრული ცვლილებების მონიტორინგი.
ინიციატივის მიზანია გააუმჯობესოს მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ, საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
ACTR უზრუნველყოფს მონაცემების გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას — როგორც საზოგადოებრივი ღირებულების შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს.